ირაკლი ქარსელაძე- ხულო-ზარზმის პროექტის დასრულების შემდეგ მთიანი აჭარის კურორტებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება
22 სექტემბერი 2021
ხულო-ზარზმის ისტორიულ პროექტზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ხელოვნური ნაგებობების მოწყობის მიმართულებით- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხულოსა და ზარზმის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 5 კმ-იან მონაკვეთზე, მომდევნო წლის შესაბამისი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, პირველი ასფალტის საფარის დაგება დაიწყება.
„ამ გზის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია, როგორც რეგიონების დამაკავშირებელი, ასევე უშუალოდ მაღალმთიანი აჭარის განვითარების თვალსაზრისით. მთიანი აჭარის იმ კურორტებს, რომლებიც უგზოობის გამო ვერ იყენებენ არსებულ პოტენციალს, განახლებული გზის პირობებში ახალი შესაძლებლობები გაუჩნდებათ“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს ერთმანეთთან ქვეყნის ორ რეგიონს - სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება ორივე რეგიონის ტურისტული ნაკადები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.